ბათუმის უნივერსიტეტში გამნაღმველები მუშაობენ​ - შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა 

31 ივლისი 2019, 18:34 9168 ნახვა

''ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმია'' - მსგავსი შინაარსის წერილი უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა.

შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი.

''დაახლოებით ორი საათის წინ შემოვიდა. რუსულ ენაზე იყო წერილი. ეწერა, რომ შენობაში ბომბი იყო და 48 საათის განმავლობაში აფეთქდებოდა. სამართალდამცველებს გადავუგზავნეთ შემოსული შეტყობინება. სასწავლო პროცესი აღარ არის და შესაბამისად, სტუდენტები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს კი შენობა ოპერატიულად და ორგანიზებულად დავატოვებინეთ,'' - ამბობს რექტორი.  

უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ წერილის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა. 

''უნივერსიტეტის კლინიკაში ვიყავით, ხმაური ატყდა. გვითხრეს, რომ შენობა უნდა დაგეტოვებინა. ადგილზე ათობით პოლიციელი იყო.  ამბობდნენ, რომ შენობაში, სავარაუდოდ, ბომბი იყო. წამოვედით... სხვა დეტალები არ ვიცი,'' - უთხრა მაუწყებელს ერთ-ერთმა სტუდენტმა. 

უნივერსიტეტის თანამშრომლების განცხადებით, ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნამღველები მუშაობენ. 

ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული და მოქალაქეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.

მსგავსი შეტყობინება უნივერსიტეტში 2 წლის წინაც შევიდა. მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, რომ ცრუ განგაში იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში