მოსამართლის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესებაზე ზვიად კუპრავა საკონსტიტუციო სასამართლოში დაობს

01 აგვისტო 2019, 12:05 1412 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არსებითად განიხილავს საქმეს „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დავის საგანს წარმოადგენს მოსამართლის შეურაცხყოფის ცნება.  

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის, აზრის გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

სადავო ნორმა კი სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „შეურაცხყოფა“ ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

დღეს სარჩელის ავტორს, ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრა თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა.

სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში