გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული შანიძე აუდიომიმართვას ავრცელებს 

02 აგვისტო 2019, 13:52 2941 ნახვა

ბათუმელი სპორტსმენის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, შოთა შანიძე, გიორგი სეხნიაშვილი და ლევან მოისწრაფიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შოთა შაინიძის მეუღლე დაუკავშირდა და მსჯავრდებულის აუდიომიმართა მიაწოდა. 

ის ირწმუნება, რომ შაინიძე უკანონო პატიმარია, მას საკანში ფიზიკურად უსწორდებიან, დამნაშავეები კი პროკურატურის ხელშეწყობით საზღვარგარეთ იმყოფებიან. 

აუდიომიმართვაში პატიმარი ყვება, რომ მან ხელისუფლება სისტემურ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ისჯება. 

''მე გახლავართ უკანონო პოლიტპატიმარი შოთა შაინიძე. ''ქართული ოცნების'' მძევალი ვარ. ხელისუფლებას მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამო დავუპირისპირდი და ვამხილე. ამის შემდეგ აბსოლუტურად ყველა მეთოდი გამოიყენეს ჩემთან საბრძოლველად. მოახდინეს  ჩემი უკანონო მსჯავრდება. გადმოვიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, მომათავსეს კრიმინალებთან. ვიდეოთვალებსაც კი არ ერიდებიან, საკანში მცემეს. ცდილობენ თვითმკვლელობამდე მიმიყვანონ. 

ბოლო სხდომაზე ვისაუბრე ჩემს მიერ შედგენილ გასაიდუმლებულ  დოკუმენტაციაზე, სადაც მაღალჩინოსნები ვამხილე. 

სადამსჯელო ღონისძიების გატარების მიზნით #18 დაწესებულებაში გადმომიყვანეს, შემოსვლისთანავე დეესკალაციის ოთახში შემიყვანეს. 

უარს ვაცხადებ მკურნალობაზე და უნდობლობას ვუცხადებ პერსონალს. 

თუ ჩემი გარდაცვალება მოხდა მედიკამენტები ზედოზირებით ეს იქნება აბსურდი. პირდაპირ ვაცხადებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მე მკლავს. 

თქვენგან ვითხოვ დახმარებას, ჩემო ძმებო და დებო გვერდით დამიდექით'' - ამბობს მიმართვაში შოთა შანიძე.

მეუღლე ირწმუნება, რომ აუდიომიმართვა სატელეფონოდ დღეს ჩაწერა. 

გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს, სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს.

 

განახლება: 19:06

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება. სასამართლოს გადაწყვეტილებას კი, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმით აპროტესტებს. 

''მსჯავრდებული შ. შ. მიმდინარე წლის 31 ივლისს მოათავსეს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში მოთავსებიდან დღემდე შ.შ.-მ არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანებები თავის კედელზე დარტყმის გზით, კატეგორიულ უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და ამ გზით აპროტესტებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ასევე ითხოვს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ჭარბი დოზით, მიუხედავად ექიმების განმარტებისა, რომ ტრანკვილიზატორების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლებელია გააუარესოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთან იმუქრება სუიციდით.

მისი ქცევიდან გამომდინარე, შ.შ. ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში. სპეციალური პენიტენციური სამსახური მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ მსჯავრდებულს გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი უფლებები იყოს დაცული'' - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში