სასულიერო პირებისა და მოსახლეობის პროტესტის გამო, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პეტრას ციხეზე აღარ ჩატარდება

03 აგვისტო 2019, 12:37 2438 ნახვა

10 აგვისტოს პეტრას ციხეზე დაანონსებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სავარაუდოდ სხვა ლოკაციაზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით ამის მიზეზი  სასულიერო პირებისა და მათ მიერ ანგაჟირებული მოსახლეობის პროტესტია.  ორგანიზატორები აღნიშნულ განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებენ. 

მათი თქმით, მიიღეს კოლექტიური წერილი, საერთო მოთხოვნით, არ ჩატარდეს ე.წ "კაზანტიპი" პეტრას ციხის ტერიტორიაზე. წერილს ხელს სასულიერი პირები და ადგილობრივები, ჯამში 160-მდე ადამიანი აწერს.

"ბატონო მირიან, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და დაგვეხმაროთ, რათა პეტრას ციხის ისტორიულ ადგილას არ მოხდეს ზემოაღნიშნული ღონისძიების გამართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდება ამ წმინდა მიწის დაცვა ყოველგვარი ამორალური  თუ ანტიმართლმადიდებლური ქმედებებისაგან"-წერია 160 პირის მიერ ხელმოწერილს წერილში, რომელიც ქობულეთის მერს გადაუგზავნეს.

ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა  დაცვის სააგენტოსგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

მათივე განმარტებით, ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში, ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იგივე არტისტებით. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში