რკინიგზელთა დაანონსებული მასშტაბური გაფიცვა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით

04 აგვისტო 2019, 21:00 1676 ნახვა

რკინიგზელთა გაფიცვას აჭარიდანაც შეუერთდებიან. თანამშრომლების დაშინებაზე საუბრობს საქართველოს რკინიგზის აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე, გელა გოგელია. ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ. პროფკავშირის თავმჯდომარის ილია ლეჟავას ინფორმაციით, საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, თუმცა რკინიგზის ადმინისტრაციამ მედიაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც კანონდარღვევაა.

ილია ლეჟავას განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციას 10 აგვისტომდე აქვს ვადა, აწარმოოს მოლაპარაკებები თანამშრომლებთან, ხოლო 10 აგვისტოს პროფკავშირის გამგეობის სხდომა გაიმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტულად როდის დაიწყებენ გაფიცვას რკინიგზელები. "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი 10%-ით ემატება. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს, როგორც ამბობენ ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს, საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა. მათივე განმარტებით, ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში