უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

05 აგვისტო 2019, 11:47 1704 ნახვა

გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. სოფელ ცეცხლაურში ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად ხე გადატყდა და საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა. ტერიტორიაზე ამ დრომდე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. 

სოფელ წყავროკას გადასახვევთან კი, იმის გამო, რომ გზის სავალი ნაწილი წყლით იყო დაფარული მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შემოსულა.

ჯამში, გუშინ მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით, ქობულეთის მერიის ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 12-მდე შეტყობინებაა შესული. მათი უმეტესობა  სოფლებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ეხებოდა. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ფაქტებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულები არიან და გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში