პატიმარს ციხეში საავადმყოფოდან საჯარიმო ქვითარი მიუვიდა

06 აგვისტო 2019, 13:08 2405 ნახვა

"2016 წლის აპრილში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩამიტარდა ქირურგიული ოპერაცია. საავადმყოფოში ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა იყო ჩემი თანხმობა იმის თაობაზე, რომ მე ოპერაციის თანხას გადავიხდიდი.  ოპერაციის და მკურნალობის თანხები სასჯელაღსრულების სამინისტროს უნდა აენაზღაურებინა, თუმცა ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო ასე არ მოხდა. მას შემდეგ აღნიშნული დავალიანება გაიზარდა, დაემატა საჯარიმო თანხა და ჯარიმის ქვითარი ციხეში მომივიდა"- წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიას პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილედან.

პატიმრის ოჯახი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს მერაბ ბლადაძესაც დაუკავშირდა. დეპუტატი მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ ოჯახსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის რამდენიმე თვეა სასამართლო დავაც მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, როგორც კი პირი გადაეცემა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ანუ გახდება პატიმარი მას შემდეგ მის ყველა სამედიცინო ხარჯს ფარავს სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც შიგნით საპატიმროში, ასევე ნებისმიერ სხვა გარე სამედიცინო დაწესებულებაში.

რა მოხდა აღნიშნული პატიმრის შემთხვევაში? რატომ მიუვიდა მსაჯვრდებულს ციხეში  თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული საჯარიმო ქვითარი? ამ კითხვებით  აჭარის მაუწყებელი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს  დაუკავშირდა.

სამინისტროში გვითხრეს, რომ  ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს მხრიდან საბუღალტრო პრობლემას , სავარაუდოდ მათ მიერ არ იქნა ასახული დოკუმენტებში,  რომ  თანხა გადახდილი იყო.

„სამი წლის წინ, 19.07.2016 წ.  მსჯავრდებული ა.ი. N3 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოზით - კუდუსუნის დაჩირქებული დერმოიდული კისტა ტკივილის სინდრომით და ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. 20.07.2016წ. მსჯავრდებული სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერეს. ოპერაციული მკურნალობის ღირებულება 921.21 ლარის ოდენიბით, სრულად იქნა დაფარული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 06.09.2016 წელს. ამჟამად მსჯავრდებული აღარ იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში და N15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს“- წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწერილ წერილში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  დაგვიდასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს მხრიდან გარკვეული სახის ხარვეზს.

„ჩვენ  ტექნიკური შეცდომა გაგვეპარა. სასჯელაღსრულებას ეს თანხა გადახდილი აქვს და პატიმარი გათავისუფლდება ყველანაირი  გადასახადისგან“-გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

მისივე განმარტებით, ავტომატურად შეწყდება სასამართლო დავაც თანხის ამოღებასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში