"დაიწყო კოლექტიური წერილები, ტროლებით და ბოტებით ომი"- ნოდარ მელაძე 

08 აგვისტო 2019, 16:51 2596 ნახვა

„ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას კურიერის 20 ივნისის პრომოს ეთერიდან მოსხსნას, არხის გაწმენდას და ჟურნალისტების გაშვებას სთხოვენ. დაიწყო კოლექტიური წერილები, ტროლებით და ბოტებით ომი“-სტატუს  „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

სტატუსთან ერთად ნოდარ მელაძე ‘საერთო გაზეთის“  რედაქციის   მიერ გავრცელებულ განცხადებასაც აქვეყნებს. განცხადებით, რედაქციის წარმომადგენლები ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას თხოვენ დაუყოვნებლივ მოიხსნას  საინფორმაციო გადაცემა „კურიერისთვის“ ქუდად  წამძღვარებული 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ამსახველი კადრები.

„ბატონ ქიბარ ხალვაშს ბატონ პაატა სალიას ბატონებო, კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხსენით საინფორმაციო გადაცემა „კურიერისთვის“ ქუდად წამძღვარებული 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ამსახველი კადრები, რომლებიც უკვე 47-ე დღეა „კურიერის“ დაწყებამდე დღეში ხუთჯერ ტრიალებს ეთერში.

ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება _ შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, სისხლიანი ანგარიშსწორება.

აბა, დავფიქრდეთ_ ამ კადრების ნახვის შემდეგ რომელი ინვესტორი დათანხმდება აქ ფულის ჩადებაზე, ან რომელი ტურისტი გარისკავს ჩამოსვლას? ან როგორ მოხდება ლარის დასტაბილურება და როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები?

ასე რომ, დაბეჯითებით გთხოვთ, მოხსენით ეს კადრები ეთერიდან.“-წერია საერთო გაზეთის რედაქციის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ნოდარ მელაძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ვარაუდობს, რომ აღნიშნული საჯარო მიმართვის უკან მმართველი პარტიის ტროლები დგანან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში