"უშგულში ადგილობრივების უკმაყოფილება ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება"-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

13 აგვისტო 2019, 12:30 1800 ნახვა

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში აქციის მონაწილეების პროტესტს სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად დეკლარირებისა და არაერთი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედების პირობებში, ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება"-აღნიშნულის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სააგენტოში ამბობენ, რომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80 - მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინეს, მიმდინარე წლიდან კი სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს.

"კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება. ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები"-წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, სააგენტო 2020 წლისთვის უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს.

სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. 

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია  უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ადგილობრივები კოშკების რეაბილიტაციის უმოკლეს დროში დაწყებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზამთარს ვერ გაუძლებენ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში