აჭარაში პაპილომა ვირუსზე 12 წლის გოგონებსაც აცრიან 

19 აგვისტო 2019, 13:16 3382 ნახვა

აჭარაში პაპილომა ვირუსის აცრებს 9, 10 და 11 წლის გოგონებს უტარდებოდათ, თუმცა წელს პაპილომას საწინააღმდეგო ვაქცინა 2007 წელს დაბადებული გოგონებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის ცენტრში მიაწოდეს. 

ნანა ჯინჭარაძის ინფორმაციით, პაპილომას ვაქცინა საქართველოში საპილოტე პროგრამის ფარგლებში შემოვიდა და ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დაიწყო. აჭარაში პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 84% დაფიქსირდა. 

საქართველოს 78-ე ქვეყანაა, სადაც პაპილომას საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოდ ტარდება. 

უწყებაში ამბობენ, რომ დიდი შრომა გასწიეს მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ ვაქცინა აუცილებელია სამომავლოდ ადამიანის ამ ვირუსისგან დასაცავად, თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო. 

ნანა ჯაფარიძე ამბობს, რომ მოქალაქეების მცირე ნაწილს სჯერა, რომ პაპილომას ვაქცინა უშვილობას იწვევს და ამიტომ არ უკეთებენ მოზარდებს. მშობლების ნაწილმა კი, აცრაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ დაავადების გაჩენის საფრთხე შორეულია და მომავალზეა გათვლილი. იგი თავს სექსუალური ცხოვრების დაწყების შემდეგ იჩენს, ამიტომ საფრთხედ არ მიიჩნევენ. 

პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. მისი მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც  ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შემდეგ.

პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება.

ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს კი შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო.

პაპილომა ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით ინფიცირებისგან ეფექტურად იცავს. ეს ის ორი ტიპის ვირუსია, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

თანამედროვე ეტაპზე აპვ-თან ასოცირებული დააავადებების პრევენციის მიზნით ორი  ვაქცინაა ხელმისაწვდომი:

 1. კვადრივალენტური ვაქცინა, რომელიც HPV ვაქცინის ოთხ გენოტიპს შეიცავს - 6, 11, 16, 18;

 2. ბივალენტური -  რომელიც HPV ვაქცინის ორ გენოტიპს შეიცავს 16,18.

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2006 წლის 8 ივნისს დარეგისტრიდა. ეს იყო პირველი ლიცენზირებული კვადრივალენტური ვაქცინა. 

2007 წელს კი დარეგისტრირდა ბივალენტური ვაქცინა, რომელიც იცავს ორი ყველაზე გავრცელებული ვირუსის გენოტიპისაგან – 16 და 18, რომლებიც 2/3-ში იწვევენ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებს და შემდგომში საშვილოსნოს ყელის კიბოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში