"თუ ანაკლიის პორტი ჩავარდა, იმის ნიშანია, რომ საქართველოს არამყარი დამოუკიდებლობა აქვს" - მეთიუ ბრაიზა

21 აგვისტო 2019, 12:17 1932 ნახვა

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა - წერს ინტერპრესნიუსი . 

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის, ის საქართველოსთვის მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას იძლევა და როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

"მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.

ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ბრაიზამ.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ჩავარდნის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ პროექტით ჩავარდნით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება, ამიტომ მის წინააღმდეგ 11 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამო საქმე აღიძრა, რომლითაც  თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავებიან. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და ამერიკული კომპანიის ერთობლიობას წარმოადგენდა, რომლებსაც უნდა აეშენებინათ ანაკლიის პორტი. 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კონტი–ჯგუფმა (Conti International LLC) ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დატოვა. 

ამერიკულ კომპანიაში თქვეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს“.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები პროკურატურამ დააყადაღა. მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ეს ბოლო ნაბიჯია ანაკლიის პორტის პროექტის გასაჩერებლად. 

სახელმწიფოს პირველი პირები კი აცხადებენ, რომ მათთვის ანაკლიის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ პორტის მშენებლობა დასრულდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში