"სხვა რა უნდა გაგიკეთოს რუსეთმა იმაზე უარესი, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ"-ექსპერტი უკანონო ბორდერიზაციაზე

22 აგვისტო 2019, 14:16 1105 ნახვა

"ჩვენ ახლა ვუყურებთ რუსეთის მხრიდან მასშტაბურ და შემტევ ფაზას ჰიბრიდული ომის, რასაც სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ უპირისპირებს. ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვუყურებთ როგორც ტერიტორიების დაპყრობას რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოს საზოგადოების ცნობიერების დაპყრობის მცდელობას. რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლო 7 წლის განმავლობაში საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის სახით" - ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გუგუტიანთკარში რუსეთის მხრიდან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

ექსპერტი ამბობს, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ხელშესახები პოლიტიკა. მისივე განმარტებით, ერთადერთი რაც იკვეთება არის გამუდმებული დათმობების ხელწერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ მოაქვს.

"იმას რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ საქართველოს მოქალაქეები სახლებიდან, ტერიტორიის მიტაცების კიდევ ერთ ახალ ეტაპს რასაც თან საქართველოს მოქალაქეების გატაცება ერთვის და გამუდმებული მუქარები რუსეთის მხრიდან ეს არის რუსეთის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობების პოლიტიკაზე"-ამბობს ექსპერტი.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკა.

"სხვა რა უნდა გაგიკეთოს რუსეთმა იმაზე უარესი, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. იგი ორ ფრონტზე ერთად იბრძვის საქართველოს ტერიტორიების და ხალხის აზროვნების დასაპყრობად. იმ მიზნით, რომ საქართველოს მოსახლეობა გახადოს აბსოლუტურად კაპიტულანტური განწყობით".

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეწარმოებინა შემხვედრი პოლიტიკა ორივე მიმართულებით. 

"საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეწარმოებინა შემხვედრი პოლიტიკა ორივე მიმართულებით.  ერთის მხრივ საერთაშორისო არენაზე ყოფილიყო მაქსიმალურად აქტიური. მეორე მიმართულება, რაც შეეხება საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლებას  თითი-თითზე არ დაუდვიათ. მიდის მასობრივი საინფორმაციო შტურმი საქართველოს საზოგადოებაში კაპიტულანტური განწყობის დამკვიდრების"- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში