ხელვაჩაურში ''ქართული ოცნების'' დეპუტატი დააკავეს

22 აგვისტო 2019, 15:34 7186 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. საჯარო მოხელე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს. 

ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია  "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა. ის აღნიშნულ პოზიციაზე 2017 წლის 22 დეკემბრიდან მუშაობს. 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატს, სავარაუდოდ, ქრთამის აღებას ედავებიან, თუმცა დეტალები არ იცის. 

''სამართალდამცველებმა წაიყვანეს, ბევრი დეტალი ამ ეტაპზე არ ვიცი. ქრთამის აღებას ედავებიან, მაგრამ ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის. ბრალს ალბათ დღეს წარუდგენენ. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. მიწის რეგისტრაციაზეც საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად და დადასტურებულად ვერ გეტყვით'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ნადიმ ვარშანიძემ. 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, მიშა ბოლქვაძე აჭარის საზოგადოებივ მაუწყებელთან ამბობს, რომ სამართალდამცველებმა უწყებიდან  დოკუმენტაცია დღეს წაიღეს. 

მისივე თქმით, კომისიის სხდომას ჯამბულ თავართქილაძე არ დასწრებია.  დაკავება კი, სავარაუდოდ, მიწის უკანონო პრივატიზაციის საქმეს უკავშირდება. "ჩემთვის სამწუხარო ფაქტია, რომ აკავებენ ჩვენს კოლეგას.  სამწუხაროა ის ფაქტიც, თუ "ქართული ოცნების" დეპუტატი ქრთამს იღებს" - ამბობს მიშა ბოლქვაძე. . 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებიდან დეტალურ ინფორმაციას ველოდებით. 

დეპუტატის დაკავების შესახებ მასალა თავდაპირველად tv 25-მა გაავრცელა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში