"ჩვენც გვყავს შვილები", "არა ქიმიურ ტერმინალს"- აქცია ბათუმის ნავსადგურთან

02 სექტემბერი 2019, 15:29 2366 ნახვა

ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაციასთან, საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავალი საქართველოსთვის" წევრები სოლიდარობის აქციას მართავენ. ისინი ქიმიური ტერმინალის მშენებლობას  ეწინააღმდეგებიან და ამბობენ რომ მათ პროტესტს ნავსადგურის თანამშრომლების ნაწილიც იზიარებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ამ წუთებში აქციას პორტის თანამშრომლების სოლიდარობის ნიშნად მართავენ.  აქციის მონაწილეები ხელისუფლებას  30 ათასი ბათუმელის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

სწორედ ამდენი ხელწერა შეაგროვეს პროექტის მოწინააღმდეგებმა.  ვატო ნებურიშვილი ამბობს, რომ ეს ხელწერილები ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს, თუმცა უკვე ყოფილი პრემიერი მინისტრისა და თორნიკე რიჟვაძის ჩართულობით, ამ ხელწერილების იგნორირება მოხდა. 

"პირველად ამ ადგილას ფართომასშტაბიანი აქცია 20 იანვარს ჩავატარეთ, შემდეგ გადავინაცვლეთ ევროპის მოედანზე და გავშალეთ კარვები.  ხელისუფლებისგან იყო თხოვნა, რომ იქნებ სეზონთან დაკავშირებით კარვები აგვეღო. ხელისუფლება სამაგიეროდ დაგვპირდა, რომ საკითხზე იმუშავებდნენ, კონსულტაციები შედგებოდა და განიხილავდნენ ამ საკითხს, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. არაფერი არ განუხილავთ, საკრებულომაც ყური არ შეიბერტყა. ამათმა ჩვენი დათმობით ისარგებლეს და სამი კვირის წინ გავიგეთ, რომ თურმე მიდის გამალებული მშენებლობა" - აცხადებს "არა ქიმიურ ტერმინალს" საინიციატივო ჯგუფის წევრი ვატო ნებურიშვილი.

ნავსადგურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში დასაქმებულები არ ეწინააღმდეგებიან ქიმიური ტერმინალის მშენებლობას. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში