TV პირველი 23 500 ლარით დაჯარიმდა - ტელევიზიაში ამბობენ, რომ "არხი მაინც არ გაითიშება"   

03 სექტემბერი 2019, 17:01 2651 ნახვა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია პირველი 23 513 ლარით დააჯარიმა. როგორც კომუნიკაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მედია საშუალებას ეთერში არალიცენზირებული ფილმები ჰქონდა განთავსებული. კომისიამ გადაწყვიტა, რომ ტელეკომპანია მინიმალური ოდენობით, შემოსავლების 0.6% დაეჯარიმებინა. 

"კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა". 

მარეგულირებელში ამბობენ, რომ კანონდარღვევა 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა. " ტვ პირველის ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა.  მსგავსი კანონდარღვევის გამო, კომისიამ „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილა, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% - 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრა" - წერია კომისიის მიერ გავრცელებულ წერილში.  

ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის მფლობელი ვატო წერეთელი, რომელიც კომისიის ამ გადაწყვეტილებას, ტვ პირველის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ტელევიზიას მაინც ვერ დახურავენ. 

"ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!" - წერს სოციალურ ქსელში ტელევიზიის მფლობელი. 

ტელეკომპანია ტვ პირველი აგვისტოში ხაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა, რის გამოც ტელეკომპანია პარალიზებული იყო რამდნიმე დღის განმავლობაში. 

მოგვიანებით, ტვ პირველის მფლობელის მამის წინააღმდეგ პროკურატურამ აღძრა საქმე, სადაც ავთანდილ წერეთელს წლების წინ უკანონო შემოსავლების ბრალდებას ედავება.   სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარი მილიონი ლარის გირაო შეუფარდა, რომელსაც ყოფილი ბიზნესმენი არ იხდის. ამბობს, რომ ამ თანხის დასაფარად, ტვ პირველის შენობის ჩადება მოუწევთ ბანკში. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში