ნოქალაქევში ადრებიზანტიური პერიოდის რკინის ცული, საკინძი და სამკაულის დეტალი აღმოაჩინეს 

06 სექტემბერი 2019, 00:34 1976 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  სამეგრელოში, სოფელ ნოქალაქევში სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა აღმოაჩინეს, რომლებიც ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.

არქეოლოგიური სამუშაოები 1 ივლისიდან 27 ივლისამდე მიმდინარეობდა.

სააგენტოს ცნობით, გეგმის თანახმად, თხრილი ჩრდილოეთით და დასავლეთით 2-2 მეტრზე გააფართოვეს, რათა ნაგებობის დარჩენილი ნაწილები შეესწავლათ.

''უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ქვედა ტერასის ორ უბანზე (A, B და F თხრილები) წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა ელინისტური ხანის სამოსახლოები, კულტურული ფენები და სამაროვანი.

F თხრილში გამოვლენილი ნაგებობა, მორების ან ძელების ურთიერთჭდობაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა არ საჭიროებს ლურსმნებს. ნაგებობის ასაშენებლად შექმნილია სუბსტრუქცია, რომელიც თხრილში ტერასებად არის წარმოდგენილი.

F თხრილზე აღმოჩენილი ელინისტური ხანის ნაგებობების შიდა და გარე ფართობზე შესწავლილ კულტურულ ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად სამზარეულო და სამეურნეო კერამიკულ ჭურჭელს აერთიანებს, რაც საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ გამოვლენილი ნაგებობები აშკარად საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენდნენ.

2019 წლის არქეოლოგიურ სეზონზე გაგრძელდა 2018 წელს გამოვლენილი G თხრილის არქეოლოგიური ფენების დაღრმავება, სეზონის დასაწყისში თხრილის ზედაპირზე იყო ნაყარი კირქვის ფენები. ასევე მცირე ზომის რიყის ქვისა და კირის ნარევი ფენები. თხრილზე სამუშაოების გაგრძელება დაიგეგმა აღმოჩენილი ფენების შესაბამისად.

სეზონის დასაწყისში G თხრილში გამოვლენილი კერამიკული მასალა ქრონოლოგიურად ჭრელი იყო, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თხრილის ჩრდ-ით მდებარე მთასთან, საიდანაც კულტურული ფენები მუდმივად ირეცხება.

აღსანიშნავია, რომ თხრილში გამოვლენილი თიხის იატაკის მიმდებარედ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ძირითადად ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. ასევე აღსანიშნავია თხრილში აღმოჩენილი სხვა ნივთებიც: სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა. კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში