ბათუმის, თბილისისა და რეგიონების სასწრაფოები ერთიანდებიან

09 სექტემბერი 2019, 16:53 1966 ნახვა

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება ცენტრალიზებული ხდება - ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებით მომსახურების ხარისხი გაიზრდება.   კონკრეტულად კი, ბათუმისა და თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურები - „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ უერთდებიან. 

საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა. აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.

„ყველა ქმედება მიმართული იქნება ეფექტური მართვისგკენ. ჩვენი სამიზნეა პაციენტი და მისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრების, როგორც ფინანსური, ისე სამუშაო პირობები იყოს ღირსეული და მათ მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის შესაბამისი. ასევე, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების ფონზე, თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.“ - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  
სასწრაფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში