პრეზიდენტმა პრესსპიკერი პირადი განწყობების საჯაროდ გამოხატვის გამო გაათავისუფლა

10 სექტემბერი 2019, 16:00 1544 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპრესსპიკერის პოსტიდან გაათავისუფლა. მოისწრაფიშვილს  შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად დღეს გაეგზავნა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზად, მის მიერ  საჯარო სივრცეში პირადი განწყობის გამოხატვა სახელდება.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადებას  ხატია მოიწრაფიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა  და განმარტა, რომ მოქალაქეობრივი ეთიკა არ აძლევდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლის უფლებას.

„რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“, - წერს მოისწრაფიშვილი

როგორც პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ხატია მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სიტყვიერად გააფრთხილეს, დღეს კი შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად გაეგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში