სახელმწიფო უწყება არ ამბობს, სალმონელა რომელ პროდუქციაში აღმოაჩინეს 

10 სექტემბერი 2019, 19:18 2791 ნახვა

შემოსავლების სამსახურმა, სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიის, სალმონელას აღმოჩენის გამო, სამ საწარმოს პროდუქციის იმპორტი ერთი წლით შეუჩერა. საუბარია ბელგიურ, ჰოლანდიურ და თურქულ კომპანიებზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, კომპანიების დასახელება მითითებული არ არის. ასევე არ წერია კონკრეტულად რომელ პროდუქციაზეა საუბარი და ამოიღეს თუ არა ის სარეალიზაციო ქსელიდან. 

უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სალმონელას ბაქტერია აღნიშნულ პროდუქციაში უკვე მეორედ აღმოაჩინეს. 

''ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს. აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, მე-5 მუხლის 51 და 52 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი 1 წლის ვადით შეჩერდა'' -  '' - წერია 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის.

ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში