სკოლებსა და ბაღებში წითელას გავრცელების საფრთხეა

11 სექტემბერი 2019, 16:14 1546 ნახვა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში წითელას შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე  1987 წლის შემდგომ დაბადებულ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადაამოწმონ  მათი და მათი შვილების აცრის სტატუსი. იმ შემთხვევაში კი, თუ  ისინი ერთხელ მაინც არ არიან აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო მათ  შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში დაუყოვებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად.

ცენტრში აცხადებენ, რომ 2019 წელი - მსოფლიოს წითელას უჩვეულოდ ფართოდ გავრცელების წლად დაამახსოვრდება. მათივე თქმით, გამონაკლისი არც ევროპის რეგიონი და მ.შ საქართველო იქნება. 

საქართველოში მიმდინარე წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით წითელას  3910 შემთხვევაა რეგისტრირებული.  ლეტელურად დასრულდა - 2. ყოველკვირეულად 5-10 საქართველოს მოქალაქე წითელათი ვირუსდება.

საქართველოში მხოლოდ 2019 წელს, წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა, რომელიც ყველაზე აქტიურია ცხოვრების წესით. შესაბამისად, სწორედ ეს ასაკი გახდა ერთის მხრივ დაავადების სამიზნე და მეორეს მხრივ მისი გავრცელების წყარო, რომელთაგანაც ავადდებიან მცირე ასაკის ბავშვები და წლამდე ასაკში ავადობის მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ზოგად მაჩვენებელს. 

ნებისმიერი ასაკის ადამიანის უფასო ვაქცინაციას წითელას წინააღმდეგ  სახელმწიფო უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის  ცენტრში ამბობენ, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში