ბავშვები, რომლებიც სკოლის და ბაღს მიღმა დარჩნენ - აქცია ქობულეთში

16 სექტემბერი 2019, 12:42 2403 ნახვა

ქობულეთში, საჯარო სკოლისა და ბაღს მიღმა, ასაკის გამო, 100 - მდე  აღსაზრდელი დარჩა.

ბავშვები, რომლებსაც სასკოლო ასაკი, 6 წელი, დეკემბრამდე უსრულდებათ, საბავშვო ბაღში წელს არ მიიღეს. ისინი სკოლის მიღმაც დარჩნენ.

პრობლემის მოგვარების მიზნით, მშობლები, პატარებთან ერთად,  დღეს ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ.

,,იმის გამო რომ ჯერ 6 წლის არ არის, ყველა შემოქმედებით წრეში, სადაც ჩვენი შვილები შემეცნებითი პროგრამით დაკავდებოდნენ, უარი გვითხრეს. ვერც ჭადრაკის და ვერც ხატვის წრეზე მივიყვანე ამ შეზღუდვის გამო,”-ამბობს სოფო მახარაძე  აჭარის მაუწყებელთან საუბრისას.

მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ  საშუალება, ბავშვები კერძო ბაღში შეიყვანონ.

"ვიცოდით ეს პრობლემა რომ დადგებოდა. გვარწმუნებდნენ სასწავლო წელს მოგვარებული იქნება ყველაფერიო, მაგრამ დღეს  ჩვენთვის ბაღის და სკოლის კარიც  დაკეტილია,"- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მოგვიანებით მერიის ეზოში შეკრებილ მშობლებთან მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ჩავიდა. ნათია ნიჟარაძემ მათ მოლაპარაკება შესთავაზა.

მერიაში მოლაპარაკებებზე  აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი  თავიდან არ შეუშვეს.  რატომ შეუზღუდეს  მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს მუშაობა,   მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა  არ განუმარტეს,  მოგვიანებით კი  ჟურნალისტს გადაღების საშუალება მისცეს.

შეხვედრას მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების უფროსიც ესწრებოდა. ბაღების გაერთიანების უფროსის თქმით, ისინი ერთი თვეა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

"ამ ბავშვებს ბაღში ვერ დავიტოვებდით, ბიუჯეტი არ იყო საკმარისი. სკოლებისგან კი ნებართვას ველოდებოდით ფართის გამოყოფაზე, რადგანაც ისინი დამოუკიდებლები არიან. ხვალიდან მესამე სკოლაში ნული ჯგუფი გაიხსნება, სადაც ეს ბავშვები სკოლამდელ განათლებას მიიღებენ. მოლაპარაკება მიდის მეექვსე სკოლასთანაც ფართის გამოყოფაზე. ამ ჯგუფების დაფინანსებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ"- უთხრა აჭარის მაუწყებელს ია ხალვაშმა.

როგორც მოგვიანებით  მაუწყებელმა გაარკვია, მესამე საჯარო სკოლა მზადა არის ნულ ჯგუფში მხოლოდ 30 ბავშვი მიიღოს. 

ქობულეთში,  ბაღის ასაკის 300 - მდე  აღსაზრდელი  კი  საჯარო ბაღში უადგილობის გამო ვერ მოხვდა.

 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში