ქედაში ბაზმა 9 წლის ბავშვი დაკბინა 

17 სექტემბერი 2019, 13:11 7089 ნახვა

ქედაში, სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლე ბაზმა დაკბინა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 9 წლის ბავშვი სკოლის ეზოში იმყოფებოდა.

მწერისგან დაკბენილი მოსწავლე ქედის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ბაზმა მესამეკლასელს თავზე უკბინა. 

აჭრის მაუწყებელს მოსწავლის მშობელი დაუკავშირდა. მამა, ავთანდილ ბერიძე ამბობს, რომ ბაზები სკოლაში რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, ინფორმაცია დირექტორსაც მიაწოდეს. 

''ბაზების დაფიქსირების შემდეგ, მასწავლებელმა საკუთარი ძალებით საკლასო ოთახი დაწამლეს. დღეს ბავშვი გავუშვი სკოლაში და ბაზმა დაკბინა.​ მწერების თაობაზე ინფორმირებული იყო სკოლის დირექტორიც, მაგრამ მან გვითხრა, რომ საკითხი ადგილობრივ პედაგოგებს უნდა მოეგვარებინათ. მერე 112-ში მოვიკითხე და იმათმაც ჩვენ არ გვეხებაო. რესურსცენტრში გვითხრეს, რომ მიაქცევდნენ ყურადღებას. ვიდრე პრობლემა არ გადაიჭრება 10 მშობელი ხვალიდან სკოლაში ბავშვების გაშვებას არ ვაპირებთ. ახლაც სკოლის ეზოში ძალიან ბევრი ბაზია'' - უთხრა მაუწყებელს ავთანდილ ბერიძემ. 

ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბაზებს ბუდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ლეღვის ხეზე ჰქონდათ. სკოლაში კი, შეწამვლითი სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე ჩატარდა. 

დურმიშხან შავიშვილის განმარტებით, საკითხს კიდევ ერთხელ მოიკვლევენ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ. 

''თუ სკოლაში ბევრი ბაზია, სპეციალური სამსახურს მივმართავთ, ბათუმიდან ამოდიან სპეციალისტები. თუ პატარა ბუდეა შხამ-ქიმიკატებით ვუმკლავდებით. მაგალითად ჩვენ გვქონდა შემთხვევა, სოფელ უჩხითის საჯარო სკოლაში. არ ვიცი ასეთი როგორ გააკეთა, ერთ ოთახში სასახლეები გინახავთ? ასე ქონდათ გაკეთებული. გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახურები და დავაწამლინეთ. მასიური, როცა არის სხვანაირად ვერ გაუმკლავდებით. 

ეზოში დაკბენა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. რა თქმა უნდა ცუდი და სამწუხაროა, მაგრამ წინასწარი პირობები არ ყოფილა'' - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.  

ცნობილია რომ ბაზის დაკბენა საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში