დაუსრულებელი დავა დაუსრულებელ კორპუსზე

18 სექტემბერი 2019, 12:00 1322 ნახვა

მშენებლობის დასრულებას და საკუთრების გაფორმებას ითხოვს მოსახლეობა ძველ ბათუმში. უკვე მეექვსე წელია მაზნიაშვილის 37-ში მცხოვრებლები საკუთარ ბინებს ელოდებიან. მათი თქმით, კერძო კომპანიამ “სახლი პიაცასთან“ ვალდებულებები არ შეასრულა, ამიტომაც მათ ცხოვრება დაუსრულებელ კორპუსში კომუნალური ინფრასტრუქტურის გარეშე და ანტისანიტარიულ პირობებში უწევთ.

ამბობენ, რომ პროკურატურას უკვე მიმართეს, თუმცა იმის გამო რომ კომპანიის ქონება დაყადაღებულია, ვერც ფართის დაკანონებას ახერხებენ. მოსახლეობის პროტესტს “ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა.

ოპოზიცია მერიას მოუწოდებს დაინტერესდნენ  ტურისტულ უბანში  შეჩერებული მშენებლობით და პროცესში ზედამხედველობის სამსახურიც ჩაერთოს.

მერიაში  განმარტეს, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვის ვადა  2020 წლამდე აქვს, რის გამოც უწყება მის დაჯარიმებას ან სხვა სამართლებრივ დავას ვერ აწარმოებს. კომპანია “სახლი პიაცასთან“ დირექტორმა, გია ჟორჟოლიანმა სატელევიზო კომენტარი არ გააკეთა. გვითხრა, რომ ყადაღის მოხსნის საკითხზე მუშაობენ და პრობლემა უახლოესს თვეებში მოგვარდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში