ბრალდებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, რომლებსაც პირის მძევლად აყვანას ედავებოდნენ

20 სექტემბერი 2019, 18:53 2670 ნახვა

3 ბრალდებული, რომელსაც პირის მძევლად აყვანა და გაძარცვა ედებოდათ ბრალად, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იბრალდებულებს 9 თვიან საპატიმრო ვადა გაუვიდათ, ამ დროში კი საქმის არსებითად განხილვა ვერ დასრულდა.

საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ და ვერდიქტი გამოიტანონ. ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ნაფიცია შერჩეული, პროცესი კი გრძელდება. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბათუმში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.

ქობულეთიდან მამაკაცის მძევლად აყვანისა და ძარცვის საქმეში სამი ბრალდებული ფიგურირებს, რომლებმაც თავად ისურვეს აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს გამოეტანათ ვერდიქტი. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.  გამოძიების მტკიცებით კი, ბრალდებულებმა 2018 წლის 20 დეკემბერს, ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად აიყვანეს მოქალაქე, რომელსაც 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნებას სთხოვდნენ. გატაცებული პირი შუახევში, ახლობლის სახლში წაიყვანეს და მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მოგვიანებით კი მამაკაცი, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სავარაუდო გამტაცებლები დაზარალებულის ცოლს შეხვდნენ და ძვირადღირებული ტელეფონი და ფული წაართვეს.

პროკურორი, ბრალდებულ სამივე პირს, ძარცვაში სწორედ ამ ეპიზოდის გამო ედავება.  გატაცებული კაცის მეუღლემ პოლიციას 24 დეკემბერს მიმართა.  25 დეკემბერს კი, სამართალდამცველებმა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსის ბინაში მოქალაქე იპოვეს, რომელსაც გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა. პოლიციამ, იმავე დღეს,  ადამიანის გატაცების ბრალდებით სამი პირი დააკავა. 

ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. როგორც წესი, ნაფიც მსაჯულები მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ.

ნაფიც მსაჯულების მიერ საქმის განსახილველად დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა არც ერთ ბრალდებულს აქამდე მსაჯულთა ინსტიტუტი არ აურჩევია. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველად თბილისში, 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა.

 

ფოტო: არქივი

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში