"გაზეთი ბათუმელების" დირექტორის ოჯახის წევრებს, პოლიციელის გავლენით დაუმძიმეს ბრალდება - ეთერ თურაძე​

21 სექტემბერი 2019, 19:00 4806 ნახვა

ბათუმში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთი პირი, სასამართლომ დღეს, 21 სექტემბერს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  ბრალდებულები "გაზეთ ბათუმელების" მფლობელის და დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები არიან.

 პროკურატურის ვერსიით, პოლიციელი როინ კოჩალიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ბრალდებულებს თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, 5 პირი მას თავს დაესხა. 

ბრალდებულები კი საწინააღმდეგოს ყვებიან. დაცვის მხარემ სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდა. ის სახლიდან გამოვიდა და მათ აგინა, შემდეგ კი იარაღი ამოიღო და ერთ-ერთ მათგანს მიაბჯინა.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, რაც მოგვიანებით 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა (პოლიციელზე თავდასხმა). 

"გაზეთ ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე მიიჩნევს, რომ დაკავებულებს ბრალდება პოლიციელის, როინ კოჩალიძის გავლენების შედეგად დაუმძიმეს. საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემის რედაქტორს ეჭვი აქვს, რომ ეს ფაქტი "გაზეთ ბათუმელებისთვისაც" ერთგვარი მესიჯი იყო.

''ჩაატარეს ოპერაცია გარემოში, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი. ადამიანებს სამსახურებში დემონსტრაციულად მიაკითხეს, ერთ-ერთი მათგანი დააკავეს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელსაც შვილი ბაღში მიჰყავდა.

ეს სრულიად აბსურდული ბრალდებაა.  კოჩალიძე გავლენიანი პოლიციელია, ჩემი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბორცვაძესთან დაახლოებული პირია. სწორედ მისი მონდომებით და გავლენებით დამძიმდა მუხლი. ჩვენთვის, როგორც მედიისთვის, ძალიან არასასიამოვნო გარემოებაა,,  როდესაც ერთ-ერთ ბრალდებულს, თითქოს ეძებდნენ ჩვენი გამომცემლის დირექტორის სხლში, მაშინ როცა ამ ბრალდებულთან სახლში არ მისულან.  რატომღაც  განჩინებაში აღმოაჩნდათ ამის ნებართვა, რომ შესულიყვნენ ამ სახლში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ წილად, ეს იყო ჩვენი მედიისთვის მესიჯი,'' – ამბობს გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძე

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში