ერთი კაცის პროტესტი სოფელში ნაგავსაყრელის მშენებლობაზე

23 სექტემბერი 2019, 12:10 2137 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ნოდარ ბერიძემ კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ის ამ ფორმით, ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის აშენებას აპროტესტებს. ამბობს, რომ ტურისტული ქალაქი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. 

ნოდარ ბერიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ დღეს ამ პროტესტში მარტოა. რამდენიმე დღეში კი, ერთი კაცის აქციას თბილისში გააგრძელებს. 

ბერიძე ყვება, რომ არასწორადაა შერჩეული ადგილი, ტერიტორია კი, სპეციალისტებს არ შეუსწავლიათ. 

''მეოთხე თვეა ამ საქმეში ვარ ჩართული. დასკვნები, კვლევები ყველაფერი არის ტყუილი. მე ვსაუბრობ დოკუმენტაციით. გვქონდა საპროტესტო აქციაც, მიგვითითეს, რომ საქმეში ჩართული იყო სახალხო დამცველი, საია, წავსულიყავით იურიდიული კუთხით. მესამე თვეა კი, გარკვეულ დოკუმენტაციას არ გვაძლევენ. შევიტანეთ თბილისში შესაბამის უწყებაში განცხადება, რომ კომისია შეიქმნას.

ნაგავსაყრელის ადგილი 2012 წლიდან მზადდება. მისი მშენებლობა უნდათ ჭაობიან ადგილას, რომელიც შესწავლილი არ არის. ზღვასთან და დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა. ტყუილია ის, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა ევროსტანდარტებით მოხდება. ამ ყველაფერსზე დოკუმენტაციით ვსაუბრობ. ხალხის ამდენი პროტესტი ჩაახშეს - მაინც ავაშენებთ და გამოგვრჩით რაღაცასო. ზოგს სახურავებს შეპირდნენ, ზოგს ჭიშკრებს. 

ამ წუთში ამ პროტესტი მარტო ვარ. სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში პროტესტი თბილისში გავაგრძელებ'' - ამბობს მოშიმშილე. 

ნოდარ ბერიძე სოფელ ცეცხლაურშიც შიმშილობდა, დღეს კი მთავრობის სახლთან გადმოინაცვლა. 

ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა. ობიექტის მოსაწყობად, კომპანიას 18 თვე აქვს.

პროექტი თავდაპირველად “ჰიგიენა 2009” უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა კომპანიის დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე, ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისების გამო დააკავეს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში