რა სიახლეები ამოქმედდა ინსპექტირების წესში გაზზე მომუშავე მანქანებისთვის?

28 სექტემბერი 2019, 14:52 2493 ნახვა

გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირების წესსში ცვლილებები შევიდა. მძღოლებმა ტექინსპექტირების გავლისას, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ დოკუმენტიც უნდა წარადგინონ.

ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 13 სექტემბერს შევიდა.

"ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული აირბალონი დამონტაჟებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის დასადგენად ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებთან, აირბალონის ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა წარადგინონ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემული დოკუმენტი. აირბალონების ექპლუატაციის ვადების შესაბამისობის დასადგენად, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ, გამოიყენება აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ გაცემულ დოკუმენტში მითითებული ვადები. ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდგომ აირბალონი უნდა გამოიცვალოს,“"- წერია მთავრობის დადგენილებაში.

ცვლილებების თანახმად იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი აირბალონის შემოწმება სამ წელიწადში ერთხელაა სავალდებულო. 

ასევე, გათხევადებული აირის აირბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ, შეკუმშული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება კი სამ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში