აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება

30 სექტემბერი 2019, 12:27 10446 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, 30 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა, ასევე სპეციალური განცხადება გაავრცელეს. ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე, გუნდმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში, მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება. 

ეს იყო ურთულესი 6 თვე და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჟურნალისტთა კორპუსისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ღია თავდასხმის და დისკრედიტაციის მცდელობის მოგერიება. დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხელმეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება.  ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს.  

დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, განაცხადების მიღების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, 4 საათით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე კობა გოცირიძე, სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩელის განცხადებით და არ გაითვალისწინა რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ასეთი პრაქტიკა, ჩვენი აზრით, შერჩევით სამართალზე მიანიშნებს.

 მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი  შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით,  სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი  მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“კვოტით შევა, ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება.

სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე შეჩერდა.

სარჩელი გიორგი კოხრეიძემ შეიტანა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში