არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან დაკავშირებით

30 სექტემბერი 2019, 20:12 1327 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ისინი მხარს უჭერენ ჟურნალისტთა მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდებიან აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ამასთან აცხადებენ, რომ მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საფრთხეზე ჯერ კიდევ აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დასმისას საუბრობდნენ. „აჭარის ტელევიზია და რადიო რამდენიმე წელია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა როგორც მიუკერძოებელი  მედიასაშუალება მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოში. მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“ - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 9 ორგანიზაცია აწერს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში