დააკავეს პირები, რომლებმაც დავის გადასაჭრელად კანონიერ ქურდებს ''ჯეირანას'' და ''ასატრინას'' მიმართეს 

01 ოქტომბერი 2019, 14:22 4611 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ნოემბერში ბიზნესპარტნიორებმა, ფინანსური დავის გადასაწყვეტად, ორი პირის დახმარებით, თურქეთში და რუსეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს - ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანას“) და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინას“) ცალ-ცალკე მიმართეს. 

კანონიერმა ქურდებმა დავის გადაწყვეტამდე, საქმის შესწავლა თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს დაავალეს, რომლებიც შეხვდნენ ბიზნესმენებს და მათ შუამავლებს - ქურდული სამყაროს წევრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად მოდავე მხარეები თურქეთში დაიბარა. საქმის გარჩევის შემდეგ კი, ერთ-ერთ ბიზნესმენს 45 ათასი აშშ დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა.

დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ქურდული გარჩევა თურქეთში კიდევ ორჯერ - 2019 წლის 22 და 29 იანვარს მოაწყო, თუმცა ფინანსური დავა საბოლოოდ ვერ გადაწყდა.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის - კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით თანხა - 87 ათასი ამერიკული დოლარი. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში