როდის შეძლებენ ბათუმელები ბინების იაფად მისაღებად დარეგისტრირებას

03 ოქტომბერი 2019, 13:29 2716 ნახვა

ჯავახიშვილი 78 ნომერში, ბათუმში მცხოვრებლებისთვის, ბინების იაფად შესაძენად, რეგისტრაციის დაწყებაზე საკრებულომ დადგენილება 19 სექტემბერს მიიღო.

საკრებულომ მერიას განცხადებების მიღების დაწყება დაავალა.  თუმცა, დავალებიდან 2 კვირის შემდეგ,  ბათუმის მერიას განაცხადების მიღების არც ვადები დაუდგენია და არც დოკუმენტების ჩამონათვალი განუსაზღვრავს.

უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ამ კვირაში გასაჯაროვდება.თვითმმართველ ორგანომ, ასევე უნდა დააზუსტოს იმ დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც იაფ სახლში ფართების მიღების მსურველებმა უნდა წარადგინონ.

ვიდრე დააზუსტებს მერია განცხადებებისა და დოკუმენტების წარდგენის დეტალებს, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტენდერით შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც დაეხმარება მერიას გამოავლინოს ბინის შესაძლო მფლობელები. 

შერჩეულ ბენეფიციარებს ბინებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად, სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით გადასცემენ. ოჯახებს კი ქონების გამოსასყიდლად 15 წლიანი პერიოდი მიეცემათ.

ვის აქვს შანსი მიიღოს ბინა იაფ სახლში? 

იაფად ბინის მიღების შანსი აქვთ ბათუმში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც საკუთრებაში არ აქვთ ქონება, თუმცა შემოსავალი აქვთ, რომელიც ბინის შესაძენად არ არის საკმარისი. 

ერთ სულიან  ოჯახის შემოსავალი უნდა მერყეობდეს 400-დან 1200 ლარამდე.

ორ სულიანის 400 დან 1800 ლარამდე.

3 სულიანის კი 600 დან 2400 ლარამდე.

კრიტერიუმების თანახმად, ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა გააჩნდეს სტაბილური სამსახური.  ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან მიწის ნაკვეთი.

ბათუმში,  ჯავახიშვილის 78 ნომერში იაფი სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ მშენებელმა კომპანიამ მილიონ ნახევარი ლარი, მიითვისა და გაუჩინარდა. მშენებლობა 2019 წელს განახლდა. მერია 2019 წლის ბოლომდე ორ ხუთ სართულიან სახლს ააშენებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში