ბათუმში 25 საბავშვო ბაღსა და ერთ ისტორიულ შენობას, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება

08 ოქტომბერი 2019, 16:00 2346 ნახვა

ბათუმში 25 საბავშვო ბაღსა და ერთ ისტორიულ შენობას ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით  რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 7 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება.

სადემონსტრაციო პროექტი  საგრანტო ფონდებით დაფინანსდება, რასაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW)  უზრუნველყოფს. 

„ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“  - პროექტი პირველ ეტაპზე ბათუმში სადემოსტრაციო  პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ქალაქში სულ 32 საბავშვო ბაღია.  მერიაში ამბობენ, რომ 25 ბაღი, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება უკვე განსაზღვრულია. მათივე ინფორმაციით, წინასწარი კვლევა 2017 წელს ჩატარდა და მასში ის ბაღები შევიდა, რომლებიც ახალაშენებული არ არის და რომლებსაც ენერგოეფექტურად გარდაქმნის პოტენციალი აქვთ.

უკვე შერჩეულია ისტორიული შენობაც. სპეციალისტები ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე, შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რეაბილიტაციას გეგმავენ, თუმცა საკითხი კვლევის მეორე ეტაპზე გადაწყდება. სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ ​შენობის რეაბილიტაცია მიზანშეწონილი არის თუ არა. მკაცრი სტანდარტების დაცვისგან გამომდინარე, რამდენად ექნება მას ენერგოეფექტურად  გარდაქმნის პოტენციალი და მოხდება თუ არა ენერგიის დაზოგვა.

უწყებაში ამბობენ, რომ  საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი  კონსულტანტი, ბათუმის მერიასთან ერთად პირველ ეტაპზე შენობების ტექნიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეისწავლის, შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. 

აღნიშნული სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების შემთხვევაში,  ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც  საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს დანერგავს.

პროექტი 2020 - 2024 წლებში განხორცეილდება. თანანომაწილეობის სახით, ბათუმის მერია გადასახადებს გადაიხდის და ბაღების ეზოებს კეთილმოაწყობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში