მედიის ინსტიტუტი მხარს უჭერს მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას, რითაც აქამდე აჭარის მაუწყებელი გამოირჩეოდა

08 ოქტომბერი 2019, 18:10 1942 ნახვა

მედიის ინსტიტუტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ დღემდე, 5 თვის ვადაში, ახალი დირექტორის არჩევა ვერ მოხერხდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ ისინი მხარს უჭერენ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას, რითაც აქამდე აჭარის ტელევიზია გამოირჩეოდა.

მედიის ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ქმედებითა თუ უმოქმედობით ხელი არ შეუშალონ ახალი დირექტორის არჩევის პროცესს, რომელიც კანონის დაცვით, გამჭვირვალედ და ობიექტურად უნდა წარიმართოს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

''იმის შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭოს მიერ, იმპიჩმენტით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა დირექტორი, უკვე სამი კონკურსი გაიმართა და აღნიშნული თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. ხუთი თვეა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დირექტორის გარეშე აგრძელებს მაუწყებლობას, რაც შეეხება მეოთხედ გამოცხადებულ კონკურსს, იგი სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. ამ მოთხოვნით სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გოგა კოხრეიძემ მიმართა. იგი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის ის ოქმი, რითაც მესამე კონკურსი ჩაიშალა და გოგა კოხრეიძე უნდა გამოცხადდეს არჩეულ დირექტორად.

აჭარის მაუწყებლის დირექტორობის მე-4 კონკურსის შეჩერებას და გიორგი კოხრეიძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობად მიიჩნევს.

მედიის ინსტიტუტი იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების ინფორმირებაში, რაც გარანტირებულია კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის'' - წერია განცხადებაში. 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში