მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა-ზაზა თავაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

10 ოქტომბერი 2019, 12:00 1202 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე , ზაზა თავაძე პასუხობს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრება ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

„როგორც იურისტი გეტყვით, რომ შეწყალებაზე არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა“, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ზაზა თავაძემ, საპარალამენტო უმრავლესობის წევრის,მამუკა მდინარაძის მიერ დასმულ კითხვას, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიაჩნია მას შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება.

როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ იმ უფლებამოსილებებზე უარის თქმა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, „გამართლებული ვერ იქნება“.

„პირველ რიგში, ის უფლებამოსილებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია და რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მასზე უარის თქმა ვერ იქნებოდა გამართლებული. ამას ვამბობ ცოტა შელამაზებულად, რადგან მე გახლავართ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარდა ზრუნავს, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დაცული იყოს. ამიტომ შეიძლება ხვალ-ზეგ, ეს საკითხი რომ რაღაც დოზით სადავო გახდეს, იგივე ჩემს სასამართლოში, პირდაპირი შეფასებისგან თავს შევიკავებ. მაგრამ როგორც იურისტი გეტყვით, რომ არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი, ის გახლავთ ის პირი ქვეყანაში, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ის უფლებამოსილება, რასაც შეწყალება ჰქვია“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში