გიორგი ერმაკოვს და მერიის სხვა მაღალჩინოსნებს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ 

11 ოქტომბერი 2019, 15:31 3172 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ''მერიის მაღალჩინოსნების'' პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ ისინი ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ და ამის შესახებ დავით მამისეიშვილს შუამდგომლობას წარუდგენენ.  გიორგი ერმაკოვი, ერგარსლან ლომაძე და არჩილ ვანაძე მზად არიან 100-100 ათასი ლარი, გირაოს უზრუნველსაყოფად ჩადონ. 

ადვოკატი ამბობს, რომ ასევე წარმოადგინეს ბათუმის მერიასთან გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გიორგი ერმაკოვის დედის და არჩილ ვანაძის მამის ქონება დაყადაღდება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, კი ზიანი ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება. 

''გვაქვს წარმოდგენილი ახალი გარემოება, კერძოდ, ბათუმის მერიასთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ ვკისრულობთ ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მუნიციპალური ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი ავანაზღაუროთ. ეს მოხდება უძრავი ქონებით, დაახლოებით 400 000 ლარის ღირებულების თანხაზეა საუბარი, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად გთავაზობთ თითოეულზე 100-100 ათას ლარს, ანუ ჯამში 700 000 ლარის ქონების უზრუნველყოფას'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რამინ პაპიძემ. 

პროკურორი რამაზ შავაძე ითხოვს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა მომავალ სხდომამდე არ განიხილონ, რადგან მასალების განხილვას დრო სჭირდება. 

მოსამართლემ ოჯახის წევრებს საჯარო რეესტრიდან ქონების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მინდობილობა სთხოვა. ბრალდებულის ახლობლებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს და სავარაუდოდ, მოთხოვნილი საბუთების მოსატანად წავიდნენ. 

მოსამართლემ წინა სხდომაზე პატიმრობაში დარჩენილ პირებს მიმართა, რომ ისინი ზიანის ანაზღაურებაზე მერიას უნდა შეუთანხმდნენ. ბათუმის მერიის 4 მაღალჩინოსანი ბაგრატ მანველიძე, თენგიზ პეტრიძე,  ნუკრი ხინთიბიძე და  ბექა ხალვაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ 24 სექტემბერს გაათავისუფლა. გიორგი ერმაკოვი, არჩილ  ვანაძე, ეგარსლან ლომაძე კი პატიმრობაში დატოვა. 

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

წინა პროცესზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართა, მოწმეები დაკითხეს. მანამდე კი, შეკითხვებს აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში