20 ივნისს დაზარალებულებისათვის სტატუსის მისანიჭებლად საია-მ სასამართლოს მიმართა

11 ოქტომბერი 2019, 16:59 1977 ნახვა

''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა'' ასოციაციამ,  16 პირის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, უკანონო და დაუსაბუთებელია.

''საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 16 პირისათვის (მათ შორის 8 ჟურნალისტი) დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა, თუმცა, მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

პროკურატურა განმარტავს, რომ ამ დროისათვის არ არსებობს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები'' - წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში