ერთჯერადი პარკები ვერ აიკრძალა, უფრო მეტიც - ფასიანი გახდა

14 ოქტომბერი 2019, 17:11 4580 ნახვა

ცელოფნის ერთჯერადი პარკების აკრძალვიდან 6 თვე გავიდა, თუმცა მაღაზიების ნაწილში ნაყიდ პროდუქციას მაინც პოლიეთილენის პარკებში ალაგებენ, რომელსაც არ აწერია, რომ ბიოდეგრადირებადია. უფრო მეტიც, სავაჭრო ობიექტებში ეს მომსახურებაც ფასიანი გახდა და პარკის ღირებულება 5 დან 15 თეთრამდე მერყეობს. 

დიდი სავაჭრო ობიექტები ბიოდეგრადირებად პარკებზე გადავიდნენ, მაგრამ მოქალაქეები ამბობენ, რომ სხვა პრობლემის წინაშე არიან, ცელოფნები მარტივად იხევა და ნაყიდი პროდუქტების სახლამდე მიტანა უჭირთ. 

საუკეთესო გამოსავალი მაინც ნაჭრის ჩანთებია, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და საკმაოდ გამძლეა. მოქალაქეები ასე გარემოსაც გაუფრთხილდებიან და საკუთარ ფინანსებსაც.  

კანონით ერთჯერადი პარკების გამოყენება ჯარიმით ისჯება, თუმცა ბათუმში ამ დრომდე არცერთი მაღაზიის მეპატრონე არ დაუჯარიმებიათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ საჯარიმო სანქციებზე გადასვლამდე მეწარმეებს გონივრული ვადა მისცეს და გააფრთხილეს. მერიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რა დროს მოიცავს გონივრული ვადა, ათ დღეს, 1 თვეს, 6 თვეს თუ ერთ წელიწადს. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ობიექტების მეპატრონეები ინდივიდუალურადაც გააფრთხილეს. მერიაში მბობენ, რომ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, სადაც აკრძალვების შესახებ ეწერა, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, როგორც მაღაზიებში, ასევე ბათუმში მოქმედ ბაზრობებზე დაარიგეს. 

კანონდარღვევისთვის მოქალაქეს 500, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარის გადახდა მოუწევს. 

კომპანიები, რომლებიც ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს ამზადებენ რეგიონში ცოტაა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გაუჭირდათ. 

პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.  ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის  მწარმოებელი, პარკის სისქე და შემადგენლობა. 

ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პარკებით, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში