მერია ცდება უფლებამოსილებას და შეღავათებს უწესებს ბრალდებულებს, ეს კავშირების შედეგია - ამბობს პროკურორი 

15 ოქტომბერი 2019, 13:32 2378 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს, სადაც ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის, ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსის, არჩილ ვანაძისა და ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ეგასლარ ლომაძის, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საქმეს განიხილავენ. 

პროკურორი რამაზ შავაძე ამბობს, რომ მერია სცდება მის უფლებამოსილებას, როდესაც აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ცდილობს. 

"ბათუმის მერია ცდება თავის კომპეტენციას და უფლებამოსილებას, როცა ბრალდებულებს შეღავათიან პირობებს უწესებს და ეს ბრალდებულების კავშირების შედეგია. მერიის ხელშეკრულების მიზანი, რაც დაცვის მხარესთან დადო, არის არა ზიანის ანაზღაურება, არამედ აღკვეთის შეცვლა ბრალდებულებისთვის.

სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა, რადგან სასამართლოს განმარტებით არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, რაც ასევე არსებობს მათი გათავისუფლების შემთხვევაში. ბრალდებულებს აქვთ კარგი კავშირები, რომელთა შორისაც, შესაძლოა, იყოს დასაკითხი მოწმეები. ასევე, გამოძიება ედავება მათ მძიმე დანაშაულს. ახალი გარემოება საქმეში არ არის და შესაბამისად ვერ ვხედავ აღკვეთის შეცვლის მიზეზს" - თქვა პროცესზე პროკურორმა, რამაზ შავაძემ.

წინა სხდომაზე ადვოკატმა მერიასთან შეთანხმების დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, თუ მათი ბრალეულობა დამტკიცდება, სამივე ბრალდებული ზარალს აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში