გიორგი ერმაკოვი და მაღალჩინოსნები მოსამართლემ არ გაათავისუფლა

16 ოქტომბერი 2019, 11:42 2822 ნახვა

გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ერგასლან ლომაძე, მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით წინასწარპატიმრობაში რჩებიან.  ადვოკატები მათი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, ამის საფუძვლად კი ბათუმის მერიასთან დადებულ შეთანხმებას იშველიებდნენ. ამ შეთანხმებით, ბრალდებული მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მერიისთვის სავარაუდო ზიანის ასანაზღაურებლად, მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას სთავაზობდნენ. ბრალდებულებისთვის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ქონება, მერიას ზიანის სახით გადაეცემოდა. 

საქმის პროკურორი კი ამბობდა, რომ ქონება, რომელიც ბრალდებულების ახლობლებმა ჩადეს 384 ათასი ლარის ღირებულებისაა.  ქონებასა და ზარალის ოდენობას შორის კი, ანუ 1 370 000 შორის ტოლობა არ დაისმება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კი ახალი არსებითი გარემოება და აღკვეთის შეცვლის საფუძველი ვერ გახდებოდა.  

ამასთან, პროკურატურამ გუშინ ეჭვქვეშ დააყენა ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იყო თუ არა კანონიერი. პროკურატურა ფიქრობდა, რომ შეთანხმების ხელმოწერის უფლება ლაშა კომახიძეს, საკრებულოს თანხმობის გარეშე არ ჰქონდა.

სწორედ ამ კითხვის გამო გადაიფიქრა მამისეიშვილმა გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება და ფიქრისთვის ერთი დამატებითი დღე დაიტოვა. დღეს კი ამის საფიძველზე, გადაწყვეტილება მიიღო და წინასწარ პატიმრობაში დაეტოვებინა მერიის ყოფილი სამი მარალჩინოსანი. 

გიორგი ერმაკოვის ადვოკატი ამბობს, რომ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მერიის მაღალჩინოსნების გათავისუფლებას ითხოვდნენ, საკრებულოს თანხმობა არ სჭირდებოდა. 

''მოლოდინი მოსამართლისგან გაცილებით მეტი გქონდა, კანონშესაბამისს დასაბუთებას მაინც ველოდით. თითქოს მერს სჭირდებოდა საკრებულოს თანხმობა სამართლებრივად არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ორგანული კანონია, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, ცალსახად ყველა გამონაკლის შემთხვევას აწესებს. როდის ესაჭიროება ქალაქის მერს საკრებულოს თანხმობა. ამ შემთხვევაში თანხმობის ვალდებულება  არ არსებობდა. უფრო მეტს გეტყვით, საკრებულოს რომც უნდოდეს ვერ გასცემს ამ თანხმობას. გუშინ ეს იყო ჩვენთვის ნიშანი, რომ არ მოხდებოდა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. დღეს ჩვენი ერთადერთი მიზანია ეს საქმე დროულად დამთავრდეს'' - განაცხადა ადვოკატმა. 

მანამდე კი, დავით მამაისეიშვილმა, დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე, ოთხი ბრალდებული გაათავისუფლა. 

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში