ახალშენში საბავშვო ბაღის აშენებას მერია მეორედ ცდილობს

19 ოქტომბერი 2019, 16:10 2087 ნახვა

ხელვაჩაურის მერია სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის აშენებას  კვლავ ცდილობს. უწყებამ უკვე ტენდერიც გამოაცხადა და მზადაა კომპანიას, რომელიც სოფელში ორსართულიან ბაღს ააშენებს 2 474 610 ლარი გადაუხადოს. 

პროექტის თანახმად, სააღმზრდელო დაწესებულება 240 აღსაზრდელზე უნდა იყოს გათვლილი, უნდა ჰქონდეს გათბობა-ვენტილაციის სისტემა და კეთილმოწყობილი ეზო.

მომწოდებელმა სამუშაოები 2020 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს. 

ხელვაჩაურის მერიას ახალშენში ბაღის აშენების მცდელობა 2018 წელსაც ჰქონდა. ბიუჯეტიდან უწყებამ მშენებლობისთვის 963 176 ლარიც გამოჰყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა მალევე შეაჩერა. მიზეზი, მისივე თქმით,  ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარება გახდა.

ხელვაჩაურის მერიამ, მაშინ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ლაგა" სატენდერო მოთხოვნების დარღვევაში დაადანაშაულა. მხარეებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდა, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. 

უწყებაში მშენებლობის ნებართვა მაშინ ისე გაიცა, რომ ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა არ მომხდარა. მერიამ წელს ახალი ბაღის მშენებლობისათვის სხვა ტერიტორია გამოჰყო, თუმცა გეოლოგიური შესწავლა არც ადგილმონაცვლეობის შემდეგ მომხდარა, აქ ამბობენ, რომ ამას კანონი არ ავალდებულებს.

ხელვაჩაურში წელს უადგილობის გამო  საბავშვო ბაღს მიღმა 297 ბავშვი დარჩა. მათ შორის 20 ზედა ახალშენში. სულ სოფელში ორი ბაღი ფუნქციონირებს. ახალი საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებს გააერთიანებს.

ახალი ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და კომპანიების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში