მატარებლის ბიბლიოთეკიდან მგზავრებს წიგნები მიაქვთ

22 ოქტომბერი 2019, 14:53 4355 ნახვა

სამგზავრო მატარებელში წიგნის თარო თითქმის ცარიელია, ვაგონში მხოლოდ ჟურნალს თუ იპოვით, ან რამდენიმე წიგნს.

ზოგიერთ ვაგონში  თაროზე ერთი წიგნიც არ დევს. 

საქართველოს რკინიგზამ პროექტის "წიგნების თაროს", განხორციელება დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ვაგონებში გააკეთეს თაროების, სადაც სხვადასხვა ავტორების წიგნები ელაგა. ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანი. 

იდეის ავტორებმა, ბიბლიოთეკა სტადლერის ტიპის ორსართულიანი მატარებლის კიბესთან მოაწყვეს. წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები ქუთაისის, ბათუმისა და ოზურგეთის რკინიგზის სადგურებში მიიტანეს.

რამდენიმე თვეში მატარებელში წიგნების რიცხვი შემცირდა, შემდეგ კი სულ დაცარიელდა.

გამცილებლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ მატარებლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით ხშირად ივსება, თუმცა წიგნები მგზავრებს მიაქვთ და უკან აღარ აბრუნებენ.

''ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, წიგნების მაღაზიის ერთ-ერთმა ქსელმა შეავსო თაროები, თუმცა ის კვლავ დაცარიელდა. მრავალფეროვანი ლიტერატურა იყო, მაგრამ უკვე აღარ არის. მოიპარეს ცუდი სიტყვაა, ალბათ  ზოგი მკითხველს გაჰყვა სახლში. ასევე, ყოფილა შემთხვევები, როცა წიგნები მკითხველს უკან მომდევნო მგზავრობის დროს დაუბრუნებია'' - გვიყვება გამცილებელი.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი ყვება, რომ დამსაქმებელს მისთვის წიგნების აღებისა და უკან დაბრუნების კონტროლის არ დაუვალებია.

რას ფიქრობენ მგზავრები?

ლაშა ასლანიშვილი, რომელიც ბათუმი-თბილისის მატარებლით ხშირად მგზავრობს ამბობს, რომ წიგნის კითხვის დაწყება და შემდეგ შუა გზაში მიტოვება ძალიან ძნელია. ამიტომ არ უკვირს, მგზავრებს ის სახლში, რომ მიაქვთ. 

''ძალიან ძნელია, როცა რაღაცას კითხულობ და ამ დროს აღმოაჩენ, რომ თბილისს სადგურს მიუახლოვდა მატარებელი და მოგიწევს ამ წიგნის ისევ დაბრუნება თაროზე, რომლის კითხვა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მოასწარი. ამბობენ წიგნის ქურდი, ქურდი არააო. ამიტომ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. საქართველოს რკინიგზის ეს პროექტი ძალინ მომწონს. ეს ხელს უწყობს უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამით,'' - უთხრა მაუწყებელს ლაშა ასლანიშვილმა. 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში