როდის შეძლებენ ბათუმელები ბინების იაფად მისაღებად რეგისტრაციას? - იაფი სახლი

23 ოქტომბერი 2019, 14:55 6211 ნახვა

ჯავახიშვილი 78 ნომერში, ბათუმში მცხოვრებლებისთვის, ბინების იაფად შესაძენად, მერია განაცხადების მიღებას სავარაუდოდ ერთ თვეში დაიწყებს. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ კრიტერიუმებში მცირეოდენი ცვლილებები შედის, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.

"კრიტერიუმები საკრებულოს უკვე განსაზღვრული აქვს. ჩვენ შევიტანთ მცირეოდენ ცვლილებას, როგორც არის მაგალითად სოციალური დახმარების მქონე პირებთან დაკავშირებით. უნდა გაიმიჯნოს ის პირები, ვინც სოციალური სტატუსის მატარებელია და ღებულობენ შემწეობას და ის პირები, რომლებიც უბრალოდ სარგებლობენ ჯანდაცვისა და სოციალური პაკეტებით, ანუ შედარებით მაღალი, მაგრამ მაინც სოციალური სტატუსის მქონე პირები"- ამბობს აჭარის მაუწყებელთან ბათუმის მერი.

როგორც ცნობილი გახდ,ა გარკვეული ცვლილებები შევა გადახდის წესთან დაკავშირებითაც, თუმცა დეტალებზე ლაშა კომახიძე არ საუბრობს.

"ამ ეტაპზე დგინდება აშენებული სახლების ქონებრივი ღირებულება. ქონების მართვის სამსახური ამ დეტალებითაა დაკავებული. ამ პროცესების დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში დაიწყება განაცხადების მიღება, რომლებიც სერვისცენტრების მიხედვით იწარმოებს."

"იაფ სახლში" ფართის მიღების მსურველებმა განაცხადები იმ ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა დატოვონ, სადაც ახლა ფიზიკურად ცხოვრობენ ქირით ან სხვა ფორმით. ადმინისტრაციულ ერთეულებში იქნება ბლანკები, ე.წ. აღრიცხვის ფურცლები, რომლის მიხედვითაც განაცხადები შეივსება, შეგროვდება და კომისიას განსახილველად გადაეგზავნება.

ბათუმის მერის განმარტებით, პროექტი ამ ეტაპზე 40 ბინაზეა გათვლილი, განაცხადების რაოდენობა კი 2000-ზე მეტია. 

"ამ ეტაპზე საუბარია 40 ბინაზე. ბინის მიღების მსურველთა რაოდენობა კი 2000-ზე მეტია. მე მინდა ადამიანები დავამშვიდო პროექტს არ ვაჩერებთ, ის გაგრძელდება. ვინც პირველ ეტაპზე ფართით ვერ დაკმაყოფილდება, ის მეორე ეტაპზე შეძლებს  განმეორებით მონაწილეობის მიღებას"- ამბობს ბათუმის მერი.

ბინების იაფად შესაძენად, რეგისტრაციის დაწყებაზე საკრებულომ დადგენილება 19 სექტემბერს მიიღო. კრიტერიუმებზე მუშაობა, რომელსაც აღნიშნულ კორპუსში  ბინების მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ გასულ წელს დაასრულა. დოკუმენტი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და სოციალური კვლევების ანალიზის ინსტიტუტის მიერ შემუშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში