ხელვაჩაურში ბზიკებმა მამა და ორი ბავშვი დაკბინეს

28 ოქტომბერი 2019, 12:08 6897 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში ბზიკებმა მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაკბინეს. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტობერს მოხდა. ერთ-ერთ ბავშვს ნაკბენი კისრის არეში ჰქონდა. მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, ჩატარებული კვლევებისა და პროცედურების შემდეგ კი, პაციენტები ბინაზე გაწერეს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბავშვების დედა უყვება, რომ მეუღლეს ბზიკმა ხურმის მოკრეფის დროს უკბინა, მწერმა ხესთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი ბავშვიც დაკბინა. 

რაც შეეხება 6 წლის გოგოს,  ბზიკმა მას მანქანაში უკბინა, როცა სოფლიდან კლინიკისკენ მიდიოდნენ. 

''ხურმას კრეფდნენ, ჯერ მეუღლე ავიდა და ბავშვებიც აყვნენ. თავდაპირველად გოჩამ დაიძახა მიკბინაო,  ვიფიქრე ბაზმა უკბინათქო. სანამ ჩამოვიდოდნენ, ბიჭიც აყვირდა, მეც დამკბინესო. ბავშვს თურმე შარვალში ჩაუძვრა. შეშინებულები გამოვიქეცით საავადმყოფოსკენ, მანქანაში ჩემი 6 წლის გოგო ატირდა, ვხედავ მასაც ყელთან აქვს ნაკბენი. თმაში კი, კიდევ ორი ბზიკი შევნიშნე'' - ამბობს მანანა ტარიელაძე.   

მოქალაქე ამბობს, რომ ბზიკები მომრავლდნენ არა მხოლოდ სოფლებში, ბათუმის ცენტრალურ ნაწილშიც. მისი თქმით, ბაზის ბუდეები კი, განსაკუთრებით მრავლად არის ქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებებში. ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსშიც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. 

''დღეს შემთხვევით მოვხვდით სავადმყოფოში! რამოდენიმე კვირის წინ, ჩემს ერთ სოფელში ვიყავით სტუმრად და ბაზები ისე დაგვტრიალებდნენ თავს, შიშისგან ძლივს გამოვექეცით იქაურობას! თავისუფალ დროს მეორე სოფელში ვიყავით, იქ უარესი სიტუაცია დაგვხვდა, ეზოში რაც ხდებოდა აღარაფერს ვიტყვი, დაკეტილ ფანჯრებში საიდან შემოდიოდნენ ეს მაოცებდა! მას შემდგომ აღარ დამყავს იქ ბავშვები!
დღეს კიდევ ერთ ჩემს სოფელს ვეწვიეთ, შემოდგომაა, ბავშვები დაისვენებენთქო...ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე, ისე დაკბინეს ბზიკებმა მამა და შვილები, საავადმყოფოში როდის ჩავედით აღარაფერი მახსოვს...დაგვჭირდა ნემსები, გადასხმები და ა. შ.
ვის ვკითხო რატომ მომრავლდნენ ასე ეს ფუტკარ, ბზიკებ,ბაზები??? არ შეიძლება ამათთან ბრძოლა? ქალაქის ტერიტორიაზეც ბევრგან მინახავს! ჩემი მეგობრის შვილიც დაუკბენიათ შუა ბულვარში!'' - დაწერა მოქალაქემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ბულვარში 24 წლის გოგო და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს. 

 

ფოტო: არქივი 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში