სამინისტრო წამლების ფასის რეგულირებას აანონსებს

29 ოქტომბერი 2019, 12:06 2868 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში მედიკამენტების ღირებულების რეგულაციების დაწესებას აანონსებს. 

მედიკამენტების ფასი საქართველოში მაღალია - წამლების ღირებულების შესახებ კითხვა, NDI კვლევებშიც მოხვდა, სადაც გამოკითხული საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და ხელმისაწვდომობით კმაყოფილია, თუმცა სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალ ფასებზე წუხს. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის 50% ჰქონდა შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო, წამალი ვერ იყიდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოქალაქეები სისტემატურად საუბრობენ იმაზე, რომ მეზობელ ქვეყნებში უკეთესი ხარისხის მედიკამენტების ფასები სამჯერ დაბალია, რადგან, მომხმარებლების მოსაზრებით, ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზირებული არ არის. 

რა რეგულაციები დაწესდება ამ მიმართულებით, ამ ეტაპზე უცნობია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად. 

"რაც შეეხება მედიკამენტებს, მიმდინარეობს ფასსწარმოქმნისა და ფასების რეგულაციებზე მუშაობა, კომუნიკაცია გვაქვს ფარმაცევტულ კომპანიებთან და შედეგები, თუ რა რეგულაციები იქნება, მალე გავაჟღერებთ," - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში