114 პირი არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ამხილეს - 9 თვის სტატისტიკა

30 ოქტომბერი 2019, 14:14 1704 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 თვეში სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში 52 ადამიანი მისცეს, რომელთაგან 114 არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ამხილეს.

იანვარი-სექტემბერში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები ყველაზე ხშირად ოჯახის წევრები არიან, შემდეგია თავად დაზარალებული ბავშვი. 

• ოჯახის წევრი/მშობელი - 53%

• დაზარალებული ბავშვი - 8%

• სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%

• მანდატურის სამსახური - 6%

• სკოლა - 4%

• მეზობელი - 3%

• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%

• არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%

• სხვა - 18%

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში, ყველაზე მეტად ჭარბობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები გაზრდილია. მიმდინარე წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულია  39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16. 

უწყებაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება იგეგმება. მსგავს დანაშაულში მხილებულ პირებს, საპატიმროს დატოვების შემდეგ სკოლასა და ბაღში მუშაობა აეკრძალებათ. 

''შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე'' - წერია განცხადებაში. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში