აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე პირველი არხი უარს ამბობს

30 ოქტომბერი 2019, 15:23 4980 ნახვა

''საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. არხი ამ ეტაპზე მიმდინარე ვალდებულებებს შეასრულებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირებას აღარ განახორციელებს'' - წერია ინფორმაციაში, რომელიც მაუწყებელმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შემოსავალი სრულად ხმარდებოდა სპორტული ტრანსლაციების  ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

''მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას.

ვთვლით, რომ აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველ არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას'' - წერია განცხადებაში. 

გუშინ, პირველი არხის ოპერატორი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში