თოდოგაურში სტიქიის გამო, 8 წევრიანი ოჯახის გასახლება გახდა საჭირო

31 ოქტომბერი 2019, 13:31 2272 ნახვა

თოდოგაურის დასახლებაში, ცისკარაძეების სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ოჯახს გასახლება ესაჭიროება. 

გუშინ, დაახლოებით რამის 2 საათზე,  ძლიერი წვიმის დროს,  ეზოს ნაწილი მოსკდა. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ძლიერი ხმა იყო. ''ხმაურის შემდეგ, როცა გარეთ გამოვედით ვნახეთ ეზოს ნაწილი ჩამსკდარიყო, წყალმა წაიღო მიწა ნარგავებიანად. შეგვეშინდა, მეწყრული პროცესი საცხოვრებელთან ძალიან ახლოს განვითარდა. ღამე მეზობელთან გავათენეთ'' - უთხრა მაუწყებელს დაზარალებულმა. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და სახლთან ახლოს მეწყერი რამდენიმე წლის წინაც ჩამოწვა. ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს, თუმცა მერიისგან დახმარება არ მიუღიათ.

''მსგავსი შემთხვევა ადრეც გვქონდა, სახლის მეორე მხარეს მეწყერი ჩამოწვა. მერიას დასახმარებლად მაშინაც მივმართეთ. ახლაც გთხოვთ დროულ რეაგირებას, აქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის, ოჯახში გვყავს მცირეწლოვანიც'', - ამბობს მაუწყებელთან ცისკარაძეების ოჯახის წევრი.

თოდოგაურში სტიქიის ადგილი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაათვალიერა, სულხან ევგენიძის თქმით, ოჯახს ბინას ბათუმის მერია უქირავებს. 

''ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან და როგორ დაეხმარება ბათუმის მერია ცისკარაძეების ოჯახს შემდეგ გადაწყდება. ჯერჯერობით მათ ქირით გავიყვანთ,''- ამბობს სულხან ევგენიძე.

გუშინ ძლიერი წვიმის დროს მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. ძლიერმა ნალექმა დატბორა ქუჩები, სახლები და ეზოები. კახაბერში კი მეწყერი ჩამოწვა. 

 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში