გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ჩამოსულია - ვის შეუძლია აცრის უფასოდ გაკეთება 

01 ნოემბერი 2019, 16:40 3082 ნახვა

აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანეს. დღეიდან იმ პირებს, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან აცრის უფასოდ გაკეთების საშუალება ეძლევათ. ამისთვის მოქალაქეებმა პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ. 

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ ორსულებს, სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირებს, დიაბეტიკებს, დიალეზზე მყოფებს, C ჰეტატიტის მქონე პირებს, აივ ინფექცია შიდსით დაავადებულებს, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, პენსიონერებს, ჯანდაცვის პერსონალს, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავეებს, საბავშვო ბაღის პერსონალს, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავეები, ასევე ბავშვებს, რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. 

რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაქცინა დეფიციტში იყო, მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მის შეძენას აფთიაქებშიც ვერ ახერხებდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე 6000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა, დაგეგმილია სულ 15 668 ცალის შემოტანა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოთხოვნა დიდია და ასევე გაიზარდა რისკ-ჯგუფის ჩამონათვალიც. სპეციალისტების განმარტებით, წელს რეგიონში გაუმჯობესებული ვაქცინები შემოვიდა.  

'' დიაბეტის მქონე პირებს რაც შეეხება, შარშან მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იყო ვაქცინა უფასო, დღეისთვის კი, ნებისმიერი ასაკის დიაბეტით დაავადებული პირი აცრას უსასყიდლოდ გაიკეთებს. ვაქცინაციის შესახებ ყველა რისკ-გუფი  და სამედიცინო დაწესებულება გაფრთხილებულია. არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც მოასწრეს და ჩაიტარეს აცრები. ყველა ის ვირუსი, რომელიც ბოლო პერიოდში ცირკულიდებდა, ერთ კომპონენტად ერთ ვაქცინაში არის მოქცეული, ერთ ინექციად კეთდება.  კიდევ ერთი დეტალი ორსულებმა უნდა მიმართონ იმ კლინიკებს, სადაც აღრიცხვაზე არიან'', - ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსი ნოემბრის ბოლოდან დაიწყებს ცირკულირებას.

 

მსგავსი სტატიები: იდეალური დროა გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოთ

ვისთვის იქნება უფასო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში