პოლიციამ თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

03 ნოემბერი 2019, 10:45 1491 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.

ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში