მიტოვებული მშენებლობა, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, ისევ საფრთხის შემცველია

04 ნოემბერი 2019, 14:57 3749 ნახვა

ქობულეთში მიტოვებული და დაუსრულებელი მშენებარე კორპუსი, სადაც 10 წლის ბავშვი მინის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, კვლავ უმეთვალყურეოდაა მიტოვებული.  უბედური შემთხვევა 2014 წელს მოხდა, დაუსრულებელი კოპრუსიდან ჩამოვარდნილი მინის ფრაგმენტი დაეცა. 10 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გამოძიება 5 წლის შემდეგაც არაა დასრულებული, არც პასუხისმგებელი პირებია გამოკვეთილი.

თამარ მეფის სანაპიროს 124 ნომერში, დაუსრულებელ მშენებარე ობიექტზე უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც არაა დაცული. უკვე შვიდი წელია, ექვსართულიან მიტოვებულ მშენებარე ობიექტზე ლიფტის შახტი ღიაა, კიბეები კი, რომელიც სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს, არ აქვს სახელურები, სადაც გადაადგილება საფრთხეს შეიცავს. ყველა სართულზე მინის ფრაგმენტები და სამშენებლო მასალები ყრია. არის ანტისანიტარია, საპირფარეშოდაა ქცეული შენობა.

 

მიტოვებული მშენებლობა, სადაც ბავშვები იკრიბებიან

დაუსრულებელ მშენებარე კორპუსთან ახლოს მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ მიტოვებულ ობიექტზე მოზარდები ხშირად იკრიბებიან. ამბობენ, რომ შენობა ქუჩური გარჩევების ადგილია, რომელსაც სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობაც ხშირად აპროტესტებს.

წლების წინ, შენობის პირველი სართული რკინა-ბეტონის მსუბუქი კონსტრუქციით იყო შემოსაზღვრული, სადაც შენობაში შეღწევა არავის შეეძლო, თუმცა დამცავი ღობე დიდი ხანია მორღვეულია და შენობაში შეღწევა თავისუფლადაა შესაძლებელი. ობიექტს არც დაცვა ჰყავს.

 

მოქალაქეების პროტესტი და ქობულეთის მერიის პოზიცია

სანაპიროზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით, ქობულეთის მერიას რამდენჯერმე მიმართეს და ფაქტზე დროული რეაგირება მოითხოვეს. ამბობენ, რომ ობიექტი წლებია მოუგვარებელ პრობლემად ექცათ და საფრთხეს უქმნით მათ. 

„ბევრჯერ შეგვინიშნავს ბავშვები, რომლებიც შენობაში ადიან . არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, აუცილებელია ეს ობიექტი დაიკეტოს და დაილუქოს. პოლიციას რამდენჯერმე უკვე მივმართეთ, მაგრამ, არაფერი არ გამოვიდათ,“ - გვეუბნება გალინა დოლიძე .

„მერიასაც მივმართეთ, პოლიციასაც, როცა შენობაში ჩხუბი მოხდა, არასრულწლოვანი ბავშვები კამათობდნენ. პოლიციამ დაათვალიერა ობიექტი, თუმცა ვერაფერი ვერ ქნა. გვითხრეს, ჩვენ ვერაფერ ვიზამთო. წლებია შეწუხებულები ვართ ამ პრობლემით.  ან დალუქონ ეს ობიექტი, ან დაცული იყოს უსაფრთხოება. მფლობელი, ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, ზუსტად არ ვიცით ვინაა.“ - ამბობს მაია ხარაზი.

ვინ ადგენს მშენებარე ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმებს და რომელი უწყებაა პასუხისმგებელი, რომლმაც უნდა მოახდინოს ამ მშენებარე ობიექტის მონიტორინგი?

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამ თემაზე ქობულეთის მერიიდან საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა პასუხი კანონით დადგენილ ვადებში ვერ მიიღო. გვიან მოწოდებული დოკუმენტებით კი იკვეთება, რომ უწყება რისკებს ვერ ხედავს მიტოვებული მშენებლობის გამო, სადაც 5 წლის წინ, სავარაუდოდ უსაფრთხოების დარღვევის გამო, 10 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

„აღნიშნულ მრავალბინიან მშენებარე ობიექტზე, გამოვლენილ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე, ზედამხედველობის სამსახურმა ამხანაგობა „თამარ მეფის სანაპირო 124“-ს ჯარიმის სახით დაკისრებული აქვს 7000-ლარი, რომლის საჯარიმო თანხის იძულების წესით ამოღების მიზნით გადაგზავნილია სააღსრულებო ბიუროში," - წერია მერიის წერილში.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ „მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ობიექტს, 2005 წლის 11 აგვისტოს გაიცა, მშენებლობის ნებართვის განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა არ ფიქსირდება, რადგან ობიექტზე სამშენებლო პროცესი წლებია შეჩერებულია" - გვიპასუხეს მერიიდან.

ჯარიმა 4 წლის, 2015 წელსაა გამოწერილი, თანხის ამოღებაზე კი სააღსრულებლო ბიუროში გადაგზავნილი. მოხდა თუ არა აღნიშნული თანხის ამოღება უცნობია.  ცნობილია, რომ სააღსრულებო ბიურომ, საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, 2015-წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, მშენებარე ობიექტსა და მასში არსებულ წილებს ყადაღა დაადო და დღემდე მოქმედია. 

საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება, რომ აღნიშნული ობიექტზე მშენებლობის ნებართვა 2011 წელს გაიცა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხანგრძლივობა 7-თვით განისაზღვრა.

შენობა დღემდე დაუსრულებელია, სამუშაოები კი შეჩერებული. მეპატრონეები ვინმე, მამია კომახიძე და ამხანაგობა “თამარ მეფის სანაპირო 124”-ის ბინის მესაკუთრეები არიან, დაზუსტებული ფართობის რაოდენობაა 496.00 კვ.მ., რომლის თანამესაკუთრეები არიან აღნიშნული პირები.                                                                                                                                     

რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ დრომდე და გადაიხადა თუ არა ობიექტმა დაკისრებული ჯარიმა?

ობიექტის მეპატრონე არ გვეუბნება, თუ რამდენი თანხა აქვს ჯარიმის სახით დაკისრებული, თუმცა ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების ზომებს უახლოეს მომავალში დაიცავს.

„დავა მიმდინარეობდა. უახლოეს ერთ თვეში დაიწყება ობიექტის შემოღობვა და მოწესრიგება. ამასთან პარალელურ რეჟიმში დაიწყება მშენებლობაც,“- აცხადებს მამია კომახიძე.

ერთ-ერთი მობინადრე ვალენტინა საკუნოვა, რომელიც 7-წელია ელოდება კუთვნილი ბინის მიღებას და მშენებლობის დასრულებას აცხადებს, რომ „ობიექტის მეპატრონეები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ 10-დღეში დაიწყებაო მშენებლობა. შვიდი წელია რაც ველოდებით ამ მშენებარე ობიექტს,  მობინადრეებთან ერთად კრებაც დაინიშნა და გვითხრეს აუცილებლად მოგვარდებაო ეს საკითხიო. არ ვიცი მაინცდამაინც ახლა  რატომ დაგვიკავშირდნენ, როცა ამდენი წელია მშენებლობა შეჩერებულია და ვითხოვთ მის დასრულებას“.

საინტერესოა, მართლა უახლოეს ერთ თვეში დაიწყება თუ არა კორპუსის მშენებლობა და არის თუ არა ეს ინფორმაცია დამაჯერებელი, რაზეც  ობიექტის მეპატრონე გვპასუხობს, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადაამოწმებს.

ქობულეთის მერიაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, შემოიღობება თუ არა ობიექტი და მიიღებს თუ არა გაფრთხილებას მშენებარე კორპუსის მეპატრონეები.

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში